საპროტესტო აქცია საქართველოს პირველ არხთან

საქართველოს პირველ არხთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე „მოამბის“ ჟურნალისტს, სალომე ქოქიაშვილს დაუპირისპირდა. მან სალომე ქოქიაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე სცადა მისთვის მიკროფონის წართმევა.

ტელევიზიის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირველმა არხმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა. მიმართვაში ვკითხულობთ: „პირველი არხის ჟურნალისტები განიცდიან არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება. კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა.“ – ნათქვამია პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველ არხთან აქციის მონაწილეები ასევე დაუპირისპირდნენ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს. ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან ხელის შეხების მცდელობასაც.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციებსა და განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.