საპროტესტო აქცია რუსთაველზე - თეონა ხუბულავას ჩართვა

არჩევნები დასრულდა – პროცესები ამჯერადაც ქუჩაში ინაცვლებს.

ოპოზიციამ პრეზიდენტთან ერთად აქციები დაიწყო. პოლიტიკურ სცენაზე ოპოზიციონერი ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან ერთად დგანან. ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო არჩევნებს მასობრივად გაყალბებულად აცხადებენ და შედეგებს არ აღიარებენ. ამ წუთებში რუსთაველზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან ის ოპოზიციური სუბიექტები, რომლებმაც, ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ. არც ერთი მათგანი საპარლამენტო მანდატების მიღებას არ აპირებს და სიების ჩახსნას აანონსებს. მოთხოვნაა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აქციის ორგანიზატორები ვერიფიკაციის აპარატების გახსნასაც ითხოვენ. სამოქმედო გეგმა ოპოზიციამ უკვე გააცნო საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, რომლებსაც აქციამდე შეხვდა. ცესკო-ს მონაცემები არ ასახავს ხალხის ნებას – ამ გზავნილით მივიდნენ დიპლომატებთან შეხვედრაზე პოლიტიკური აქტორები.