საპროტესტო აქცია რუსთაველზე

გვიან ღამით დასრულდა პროტესტის მე-80 დღე რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე მარშით მივიდა. „არა რუსულ დიქტატურას!” – ამ სლოგანის ქვეშ მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს. მსახიობებმა წაიკითხეს წერილები, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებიდან დაკავებულებმა გამოგზავნეს. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.