საპროტესტო აქცია რუსთაველზე

გვიან ღამით დასრულდა მოძრაობების, „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქცია თბილისში. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის უკან გაწვევას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ქუჩის აქციები იქამდე არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღის წესრიგიდან არ მოხსნის.

პროტესტის მონაწილეებმა შეკრება პარლამენტთან დაიწყეს, შემდეგ კი იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც კანონპროექტის მიხედვით, ის ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ, რომლებიც შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ.

მოგვიანებით მსვლელობა გმირთა მოედნისაკენ დაიძრა, სადაც აქციის მონაწილეებმა ფიცი დადეს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად ერთად იბრძოლებენ. აქციამ საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა და გვიან ღამით დასრულდა. ორგანიზატორები შეკრებას რუსთაველის გამზირზე დღესაც გეგმავენ.