საპროტესტო აქცია რუსთაველზე

საქართველოს პარლამენტთან აქციები გრძელდება. მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე მოვლენების დროს დაკავებული ადამიანები. რუსთაველის გამზირზე აქციას მსვლელობით და შეძახილებით შეუერთდნენ ის პირებიც, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.

საპროტესტო აქციების მონაწილეების შეფასებით, ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ევროპული მომავლისთვის საფრთხისშემცველად და საგარეო კურსის ცვლილებად აფასებენ განცხადებას, რომლის მიხედვით, 2028 წლამდე ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს.