გვიან ღამით დასრულდა აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან. დემონსტრანტებმა მსვლელობა სხვადასხვა შინაარსის ბანერებით სხვადასხვა ადგილებიდან დაიწყეს. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ პედაგოგები და ლექტორები, ასევე „გმირთა მოედნიდან“ დაძრული ვეტერანების მარშიც, სახელწოდებით „ანწუხელიძე“. გაიმართა ქიზიყელებისა და კახელების მსვლელობა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.
პარლამენტთან 25-ე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა ხელახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო. აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.