გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 24-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები პარლამენტის წინ საკუთარ პროტესტს სასტვენებითა და ტრანსპარანტებით გამოხატავდნენ. მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობით მივიდა. დღის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა რეგიონისა და პროფესიის წარმომადგენელთა მარში გაიმართა. მოცეკვავეთა მარშის მონაწილეებმა კი რუსთაველის გამზირი ხორუმის ცეკვით ჩაიარეს. მომიტინგეები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და პროტესტი სასურველ შედეგამდე გაგრძელდება.