პროტესტის მე-11 ღამემ პარლამენტთან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გვიან ღამით დატოვეს. სატრანსპორტო მოძრაობა დაახლოებით ღამის 4 საათისთვის აღდგა. პარლამენტის წინ მდებარე ნაძვის ხის კონსტრუქციიდან აქციების დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები დასუფთავების სამსახურმა უკვე ჩამოხსნა. გუშინდელ აქციაზე დემონსტრანტებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გამოსახულებით ფიტული მიიტანეს და პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ დაწვეს. აქციაზე მოქალაქეებთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. პერიოდულად შეკრებილების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ განთავსებულ რკინის ჯებირებს ქვებს ურტყამდა, იყო პიროტექნიკის სროლის შემთხვევებიც. სამართალდამცველებს სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებიათ. აქციის მონაწილეები თითქმის 2 კვირაა რუსთაველის გამზირზე მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, სადაც თბილისის მერია ნაძვის ხეს აწყობს. მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა აქციების დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევები გააპროტესტეს. აქცია ჯერ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, საახალწლო ნაძვის ხეზე დაშავებული და ნაცემი მოქალაქეების მათ შორის, ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები გამოფინეს. თბილისის მერია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, რადგან მონტაჟი არ არის საბოლოოდ დასრულებული, და არ არის უსაფრთხო.