რუსთაველის გამზირზე ღამის განმავლობაში ვითარება არაერთხელ დაიძაბა – დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. წყლის ჭავლის გამოყენებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა და დაშლისკენ მოუწოდებდა. უწყებამ რამდენჯერმე გაავრცელა ოფიციალური განცხადებაც და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ განეხორციელებინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და სამართალდამცველთა მითითებებს დამორჩილებოდნენ.
მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები. მანამდე კი დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რომ სპეცრაზმისთვის გზა გადაეკეტათ. აქციის მონაწილეებმა გზა ჩახერგეს და კონსტრუქციებს ცეცხლი წაუკიდეს. ბარიკადებისთვის გამოიყენეს ნაგვის ურნებიც, რომ პოლიციისთვის გადაადგილების საშუალება არ მიეცათ. მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და მოწოდებისა, აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები რჩებოდნენ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან. ისინი პოლიციელების მისამართით პიროტექნიკასა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სკამები და სქროლებიც მიიტანეს, ისინი ცდილობდნენ, წინაღობა შეექმნათ სპეცრაზმისთვის, რომელიც რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას ცდილობდა. აქციის დაშლის დროს სპეცრაზმი პერიოდულად იყენებდა წყლის ჭავლს. ტერიტორიის გათავისუფლების დროს დააკავეს და ასევე განარიდეს რამდენიმე ადამიანი.
მომიტინგეები საპოლიციო ძალის წარმომადგენლების მიმართ პიროტენიკას ისროდნენ, რის შედეგადაც დაშავდნენ სამართალდამცველებიც. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში დამწვრობა აღენიშნება. ტერიტორიის გასუფთავება დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია და შეფასება გამოაქვეყნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს. ორგანიზაციის შეფასებით, სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.