დაშავებულები და დაკავებულები – ასეთია ღამით რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგი. სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია, რომელიც გუშინ საღამოს დაიწყო, სპეციალური საშუალებებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით დაშალა. გამთენიისას რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის ცარიელია და აღდგენილია ორმხრივი მოძრაობა, პერიმეტრიდან სრულად გაყვანილია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები.
ადგილიდან გაიტანეს კონსტრუქციები და ის ბარიკადები დაშალეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ აღმართული. საპროტესტო აქცია საღამოს 19:00 საათისთვის დაიწყო. თავდაპირველად პროტესტის ძირითადი კერა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო, მათ შორის გვერდითა ქუჩები და ზედა შესასვლელი. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგანსა და ფოიერვერკებს ისროდნენ და ხმაურით გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს, ამის შემდეგ მათ ბარიკადები აღმართეს სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ წინ და კონსტრუქციებს ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები რამდენჯერმე გამოიყენეს. დაფიქსირდა სპეცრაზმის წარმომადგენლების მხრიდან მომიტინგეთა ცემის ფაქტებიც. საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო „რუსთაველიდან“ და „თავისუფლების მოედნიდან“ ერთდროულად დაიძრნენ მომიტინგეების მიმართულებით. აქციის დაშლისას 107 პირი დააკავეს, არიან დაშავებულები, მათ შორის მედიის წარმომადგენელიც.
აქციის მიმდინარეობისას ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც აქციაზე მყოფებს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევდნენ. საბოლოოდ, დემონსტრანტების მცირე ნაწილი, გვიანი ღამიდან დილამდე, ძირითადად „თავისუფლების მოედნისა“ და სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარედ იყვნენ მობილიზებული. საპროტესტო აქცია დაახლოებით 11 საათს გაგრძელდა.