რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გვიან ღამით დასრულდა. გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეებმა ქუჩა მაინც გადაკეტეს. აქციას შეუერთდა მსვლელობა, რომელიც ევროპის მოედანზე დაიწყო. მომიტინგეებმა დაახლოებით 21:00 საათისთვის გადაკეტეს საავტომობილო გზა. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, თუმცა მომიტინგეებმა მოთხოვნა არ შეასრულეს. საავტომობილო გზა მათ სპეციალური ლენტით დაახლოებით ორი საათით ჰქონდათ გადაკეტილი და მოგვიანებით გზა თავადვე გახსნეს.
აქციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველები პროტესტის მონაწილეებს, იდენტიფიცირების მიზნით, „თავისუფლების მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჩერებდნენ. რამდენიმე მათგანის შემთხვევაში, პოლიციელებმა ნიღბით სახის დაფარვის გამო, შესაბამისი ოქმიც შეადგინეს.