საპროტესტო აქცია პარლამენტთან - გიორგი კობერიძის ჩართვა

რუსთაველის გამზირი ვნებათაღელვის და მწვავე პროტესტის ეპიცენტრში რჩება.

მეექვსე საათია, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ქალთა მოძრაობის მარშის, უფლებადამცველი ორგანიზაციების და პოლიტიკური ძალების მიერ დაწყებული გამოსვლა ცოტა ხნის წინ სიტყვით მიმართვებით გაგრძელდა. აქციას შეუერთდნენ სტუდენტები, მედია-ორგანიზაციები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ადგილზე შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია – პარლამენტმა სასწრაფოდ უკან გაიწვიოს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების დაფინანსების გასაჯაროების ვალდებულებას და მათ უცხოური გავლენის რეესტრში დარეგისტრირებას გულისხმობს. აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებასაც ითხოვენ და პროტესტის უწყვეტად გაგრძელებას გეგმავენ. სამოქალაქო სექტორის გაჩუმების მცდელობა, ევროპული კურსიდან გადახვევა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსის საბოლოოდ დაკარგვა – ასე ფასდება აქციის მონაწილეების მხრიდან ორივე ინიციატივა, რომელთაგან ერთი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე გუშინ პირველი მოსმენით და მწვავე პროტესტის ფონზე მიიღო.