საპროტესტო აქცია პარლამენტთან - გიორგი კობერიძის ჩართვა

სადავო კანონპროექტების გაწვევის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება.

საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან აქცია დღესაც მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილებს ორი მოთხოვნა აქვთ – იურიდიულად გაფორმდეს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ინიციატივებზე უარი, ანუ სასწრაფოდ ჩაინიშნოს კენჭისყრა და დღესვე გაათავისუფლონ 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ყველა პირი. აქციის მონაწილეები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების უკან წაღებას იხსენებენ და მმართველი გუნდის ზეპირ განცხადებას არ ენდობიან. მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს წინ იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ლიდერებიც. დღევანდელ შეკრებას ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის დატვირთვაც აქვს. ორგანიზატორები საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ახალგაზრდების გამარჯვებად აცხადებენ.