საპროტესტო აქცია პარლამენტთან
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ ის მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ და ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტთან დაკავებული რვა პირის მიმართ გამოტანილ დღევანდელ გამამტყუნებელ განაჩენს აპროტესტებდნენ. მათ შორის იყვნენ დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. მოთხოვნებია, რომ გათავისუფლდნენ ცხრა თვის წინ დაკავებული დემონსტრანტები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
ვითარება რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე შეკრებილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, საიდანაც კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.