პროტესტი პარლამენტთან – შსს-ს განცხადება

18:18, 02.09.2025

„აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსთაველის გამზირზე, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 20 პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ, რათა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა გაეპროტესტებინათ. შეკრებილებმა ჯერ პარლამენტის შენობის სამანქანო გამოსასვლელის დაკავება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის მეორე მხარეს გადასვლისკენ მოუწოდეს, ამის შემდეგ კი ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციის კორდონის შექმნის შემდეგ პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა მხარეს გადავიდნენ და რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

მსგავსი