საპროტესტო აქცია პარლამენტთან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლა გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მათთვის საკმარისი არ არის.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. კიდევ ერთი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლა და არჩევნების პროპორციული წესით გამართვაა.

რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. სიტყვით გამომსვლელები პარლამენტის წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებსაც აპროტესტებენ და მომხდარზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ.