საპროტესტო აქცია ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით დემონსტრანტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა. შენობას სამართალდამცველების დამატებითი ძალები იცავენ. აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე ე.წ. დეპუტატი იმყოფებოდა.

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბა. დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯასა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ. „ეხო კავკაზას“ ცნობით, მომიტინგეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ე.წ. შს მინისტრზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული ინალ ჯაბიევი, რასაც ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციების ფონზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. დაკავებულია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი.

 

დატოვე კომენტარი