თავისუფლება ანრი კაკაბაძეს – ამ მოთხოვნით, მუსიკოსებმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გამართეს. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში დაკავებულ ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორსა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძესა და მის ოთხ სტუდენტს, რომლებსაც გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებული სტუდენტებიდან ერთ-ერთი კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების პირველი კურსის
სტუდენტი ანრი კაკაბაძეა. შეკრებილებმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს აქციებზე დაკავებულებსა და დაშავებულებს. კონსერვატორიის შემდეგ, მუსიკოსები მსვლელობით „აიტის“ სფეროს წარმომადგენლების აქციას შეუერთდნენ. მოგვიანებით, მსვლელობის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადმოინაცვლეს სადაც მსვლელობა გაჩერდა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.