საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

„ჩვენი ხმა გესმით?“ – ამ გზავნილით გაიმართა საპროტესტო აქცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.

ადგილზე გიდები, ტუროპერატორები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ევროკავშირთან დაახლოების შეფერხება, პირველ რიგში, სწორედ ამ სექტორზე აისახება. შეკრებილები სრულად იზიარებენ პროტესტის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნებს, ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. აქციაზე შეკრებილებმა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

28 ნოემბრის შემდეგ, ჯამში, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსით 300-ზე მეტი პირი დააკავა. ასევე, აქციების მიმდინარეობის დროს მოქალაქეების ნაწილი დაკავებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებითაც. ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილმა სტუდენტებმა ყველა მათგანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.