საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აქცია-მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირიდან დაიწყეს. შეკრებილებმა პროტესტი მარშით გამოხატეს და ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ხმამაღლა ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ის ძალადობას გმობს და ამაზე ქადაგების დროსაც საუბრობს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გმირთა მოედნიდან ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლეს და ბოლოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.