საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხაშურში. აქციის მონაწილეებს საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. „გამოდი, დაიცავი შენი ევროპული მომავალი“, – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები ხაშურის ყველა საჯარო სკოლასთან მივიდნენ. მოსწავლეების ნაწილი აქციაზე სასკოლო პროცესიდან გამოვიდა, ნაწილი კი აქციას დროშებით და შეძახილებით საკლასო ოთახის ფანჯრებიდან უცხადებდა მხარდაჭერას. შეკრებილები ევროინტეგრაციის საკითხზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საპროტესტო მსვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდა, საღამოს ექვს საათზე კი ხაშურის მოსახლეობა მერიასთან ისევ შეიკრიბება.