საპროტესტო აქცია გორში
მეორე დღეა, სასმელი წყალი არ მიეწოდება გორის მოსახლეობას – 14 ათასზე მეტ აბონენტს. ამის მიზეზი კორპუსის მშენებლობის გამო, ქალაქის სასმელი წყლის მთავარი წყალსადენი მილის გადატანის სამუშაოები გახდა. იქ, სადაც ქალაქის სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი გადის, კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რის გამოც მილის გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მილის გადატანის თხოვნით მათ მშენებელმა კომპანიამ მიმართა, რომელმაც სამუშაოები თავად უნდა განახორციელოს.
ნადირაძის ქუჩაზე, სადაც მილის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, გვიან ღამით აქცია გაიმართა. მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნადირაძის ქუჩაზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც წყალმომარაგების კომპანიამ დათქმულ დროს წყლის მიწოდების აღდგენა ვერ შეძლო. ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის ცენტრის ხელმძღვანელი.