უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას და უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამებსა და მისაღები სტუდენტების რაოდენობაზე დაწესებულ კვოტებს ეწინააღმდეგება ილიას უნივერსიტეტი. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლების თქმით, რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები უნივერსიტეტის ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავს, რის გამოც ისინი გეგმის უკან გაწვევას და მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს განათლების სამინისტროსთან სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქცია მოეწყო. პრემიერის მიერ გამოცემული დადგენილების მიხედვით, ილიას უნივერსიტეტს არსებულ სასწავლო პროგრამებზე 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება – ისიც მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებზე და აბეტის სერთიფიკატის მქონე ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე. პროფესორ-მასწავლებლების თქმით, ცვლილებები წინასწარ განხილული არ ყოფილა. აკადემიური საზოგადოება უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს და მის დასაცავად ყველა, მათ შორის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას აპირებს.