ფოთში, ქალაქის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილმა მოქალაქეებმა. ისინი ხელისუფლებას დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება ჯანმრთელობისთვის საშიში ტვირთების დამუშავება, რის გამოც, ადგილობრივებს, მათ შორის ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებასა და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს. ხელისუფლებას მათ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს და მოსაგვარებლად კონკრეტული ვადაც განსაზღვრეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელიც მოსახლეობისათვის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა დღეს მოსახლეობამ სხვა პირობა წამოაყენა და მოითხოვა კომპენსაცია. ფოთის მერის ინფორმაციით, პირობას ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცემენ, რადგან მისი მოგვარება მუნიციპალიტეტის ძალებს აღემატება.