საპროტესტო აქცია ბათუმში

24-საათიანი პროტესტი გრძელდება ბათუმში. საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაშლილ კარვებში აქციის მონაწილეებმა მეოთხე ღამე გაათენეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმატში აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნები – ახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება. მოთხოვნებს შორის რჩება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ძალადობის ფაქტების დროული გამოძიება. ბათუმში დღის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა და აქციაა დაანონსებული. საღამოს 19 საათზე კი, მომიტინგეები კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.