12-საათიანი უწყვეტი პროტესტი და დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. აქციის მეოთხე ღამეც დაკავებებით და როგორც მოქალაქეთა, ისე პოლიციელთა დაშავებით დასრულდა. აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სპეცდანიშნულების რაზმი სისტემატურად იყენებდა წყლის ჭავლს მომიტინგეების მიმართულებით, რომლებიც თავის მხრივ სამართალდამცველებს პიროტექნიკას, ქვებსა და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. აქციის ორი ძირითადი ეპიცენტრი იყო – პარლამენტის წინა მხარე და ჭიჭინაძის ქუჩა, დაპირისპირება უწყვეტ რეჟიმში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება არაერთხელ დაიძაბა.
აქციის დაწყებიდან მალევე, პოლიციამ ორი პირი დააკავა. პროტესტის რამდენიმე მონაწილე ცდილობდა, მიახლოვებოდა სამართალდამცველებს, მათგან ერთი პირი დააკავეს, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მომიტინგეებმა უკან გამოაბრუნეს. რაც შეეხება ცხრა აპრილის ქუჩას, იქ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, თუმცა, ამ ტერიტორიაზე აქცია მშვიდ ვითარებაში წარიმართა. რუსთაველზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო გიორგი ვაშაძე და ზურა გირჩი-ჯაფარიძე. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გამთენიისას დაატოვებინეს, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძრა, გამოყენებული იყო სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის მხუთავი აირი და წყლის ჭავლი. სპეცრაზმის გადაადგილების გამო, უკან იხევდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდნენ, აქ კიდევ ერთხელ იყო მოწოდება, რომ მათ დაეტოვებინათ ტერიტორია. საპოლიციო ღონისძიების დროს სპეცრაზმი განლაგდა როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე სასტუმრო „რედისონთან“, სადაც რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათი ზუსტი რიცხვი უცნობია. აქციის მონაწილეების ნაწილი მეტროში ჩავიდა, ნაწილი კი ზანდუკელის ქუჩისკენ გაემართა, სადაც მათ ცეცხლი დაანთეს. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი რჩებოდა „რუსთაველის მეტროსთან“, სადაც ისევ იყო დაკავებები. მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი განთავსდა. მათ მოუწოდეს მომიტინგეებს, რომ თუ სურდათ, ტერიტორია დაეტოვებინათ, შესაძლებლობა ჰქონდათ მეტროთი გადაადგილებულიყვნენ. თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს მეტრო „რუსთაველის“ ტერიტორიაზე გააგრძელებდნენ. სამართალდამცველები უკვე ტოვებდნენ ტერიტორიას, როდესაც აქციის მონაწილეებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის გამო პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა.