საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა – პაატა ბურჭულაძის პოზიცია
ჯერჯერობით უცნობია, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 30-მდე პირიდან ვინ დათანხმდება საპროცესო შეთანხმებას. დაკავებულების ნაწილს ოჯახის წევრები და ადვოკატები საპატიმროში ხვალ შეხვდებიან, ოფიციალური პასუხებიც, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი. პროკურატურის შეთავაზებაზე დათანხმებისკენ პატიმრებს სოციალური ქსელით მოუწოდა პაატა ბურჭულაძემ. ის განცხადებაში განსაკუთრებით გამოყოფს გიორგი ჩახუნაშვილს და სთხოვს მას, რომ პირველი ნაბიჯი თავად გადადგას და სხვებს მაგალითი მისცეს. „თითქმის ათთვიანი უკანონო პატიმრობით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ერთობა და შეუპოვრობა. ეს უკვე ისტორიის ნაწილია და მომავალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. დღეს კი ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმროებიდან ადამიანების გათავისუფლება. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ამაში არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახველი არაფერია. მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს“, – წერს პაატა ბურჭულაძე. მანამდე კი საპროცესო შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა კიდევ ერთმა დაკავებულმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურატურის შეთავაზებას, დანაშაულის აღიარებას და შეწყალების თხოვნას არ აპირებს.