საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, პირველ ტურში გამარჯვებისთვის ხმების საჭირო რაოდენობას ვერცერთი მათგანი ვერ მოაგროვებს. თუმცა ფავორიტი რუმინეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატი მარჩელ ჩოლაკუა. მისი მთავარი მეტოქე კი ულტრამემარჯვენე „რუმინელთა ერთიანობის კავშირის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონია. სიმიონის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა რუმინეთში რეკორდული ინფლაციის ფონზე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან არაერთხელ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. 2022 წელს და შემდგომაც ის არაერთხელ მოიხსენიებდა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავედ, თუმცა, ამავდროულად, სიმიონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. მას ასევე ადანაშაულებდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში, რაზეც სიმიონი პასუხობს, რომ ის „რუმინეთის ყველაზე რუსოფობიური პარტიის“ ლიდერია.აღსანიშნავია ისიც, რომ „რუმინელთა ერთიანობის კავშირის“ ლიდერი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების მომხრეა. ოფიციალურმა კიშინეუმ მას რამდენჯერმე აუკრძალა ქვეყანაში ჩასვლა. პირველ დეკემბერს რუმინეთში ასევე გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 8 დეკემბერს, საჭიროების შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგება.