რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, რომელმაც ხმების 22.94 პროცენტი მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 100 პროცენტი. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19.18 პროცენტი მოიპოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. ჩიოლაკუმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, კალინ ჯორჯესკუ და ელენა ლასკონი მიიღებენ მონაწილეობას. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ კალინ ჯორჯესკუს , როგორც პრორუსს და ნატო-ს მოწინააღმდეგე ნაციონალისტს, სავარაუდოდ, კრემლი დაეხმარა. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბუქარესტში სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ. კალინ ჯორჯესკუ წინასაარჩევნო კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ აწარმოებდა. ამ კამპანიის საპასუხოდ, სტუდენტებმა ონლაინ პლატფორმები პროტესტის ორგანიზებისთვის გამოიყენეს. პროტესტის მონაწილეებს დემონსტრაციაზე ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „არა ფაშიზმს, არა ომს, არა ჯორჯესკუს მეორე ტურში“. სტუდენტები სკანდირებდნენ:„თუ ერთად ვართ, ქვეყანას ჯორჯესკუსგან გადავარჩენთ.“