აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბულობა იზრდება. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ახლა დიდი ყურადღება ექცევა ნევადის შტატს, სადაც ბრძოლა ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის თითქმის თანაბარი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს. შტატის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხმების დათვლის პასუხი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოქვეყნდება. ბოლო წლებში საბრძოლო შტატმა ხმა მისცა დემოკრატებს, მაგრამ 2000 და 2004 წლებში მხარს უჭერდა რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშს. ნევადაში დათვლილია ბიულეტენების 85 პროცენტი, სადაც ბაიდენს მეტოქეზე 7 467 ხმით მეტი აქვს და ლიდერობს.
დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა ჯორჯიის შტატის ნაწილში ხმების დათვლის შესაჩერებლად, სარჩელი წარადგინა. ჯორჯია მნიშვნელოვანი საბრძოლო შტატია, სადაც ჯერჯერობით არცერთი კანდიდატის გამარჯვება არ არის გამოცხადებული. სარჩელში ნათქვამია, რომ რესპუბლიკელმა დამკვირვებელმა დაინახა, რომ ჩეთემის ოლქში ერთ-ერთმა საარჩევნო მუშაკმა დროულად მისულ ბიულეტენებს დაამატა 53 დაგვიანებული საფოსტო ბიულეტენი. ჯორჯიის შტატში ბიულეტენები უნდა იქნას მიღებული არჩევნების დღეს, 19:00 საათამდე. ეს მეოთხე საკვანძო შტატია, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა იურიდიული დავა დაიწყო.
ტრამპის საარჩევნო გუნდი ცდილობს, შეაჩეროს ხმის დათვლა იმ ადგილებში, სადაც დარწმუნებულია, რომ „ბიულეტენებთან დაკავშირებით თაღლითურად იქცევიან“. ტრამპის საარჩევნო გუნდმა მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მიჩიგანში, პენსილვანიასა და უისკონსინში.