საპრეზიდენტო არჩევნები 2024 - შეფასებები

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. თანამდებობას ის 5 წლის ვადით დაიკავებს. კენჭისყრა პარლამენტში ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კოლეგიის წევრებმა ხმა მისცეს ერთადერთ კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან 224-მა წევრმა მხარი სწორედ ყაველაშვილს დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერდა. საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ აფასებენ პოლიტიკოსები.

მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს სერბეთის პრეზიდენტი. ალექსანდრ ვუჩიჩის მილოცვაში ნათქვამია: „გისურვებთ, წარმატებით და გონივრულად შეასრულოთ თქვენ წინაშე მდგარი საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი ძალისხმევით საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის გაამართლებთ გამოცხადებულ ნდობას. იმ დროს, როდესაც მსოფლიო მრავალ, რთულ და კომპლექსურ გამოწვევებს უმკლავდება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა ქვეყნის ლიდერი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე იყოს ორიენტირებული. ამ გზაზე სერბეთის სახით საიმედო პარტნიორი და მეგობარი გეყოლებათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნები განაგრძობენ მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის ერთობლივი ძალისხმევა იქნება პრიორიტეტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც გაძლიერდება საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ურთიერთმხარდაჭერით“- ნათქვამია სერბეთის პრეზიდენტის მილოცვაში.

სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ხაჩატურიანი სოციალურ ქსელში წერს: „ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ვითანამშრომლო სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ. პრეზიდენტს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“ – დაწერა სომხეთის პრეზიდენტმა. მანამდე მილოცვის წერილი გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც.