საპოლიციო მოქმედებები და გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ის 32 წლის ბადრი ესებუაა.

შეიარაღებული მძარცველი, რომლის კვალი 22 ოქტომბერს, გამთენიისას სოფელ კირცხის ტყესთან გაქრა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მიმდინარეობს მისი ადგილსამყოფელის დადგენა. ცოტა ხნის წინ ჩხრეკა ჩატარდა ესებუას ძმის და დეიდის სახლებში, დამნაშავის სახლს კი ახლაც ჩხრეკენ. გავრცელებული ცნობით, ესებუა ყოფილი სამხედროა. ნათესავი ამბობს, რომ მან სენაკის სამხედრო ბაზა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე წლის წინ დატოვა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიებას თავდამსხმელის ვინაობის  შესახებ ინფორმაცია  „საქართველოს ბანკში“ შეჭრის ღამესვე ჰქონდა. რაც შეეხება სხვადასხვა მედიასაშუალებით  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა და შემდეგ გაექცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში სიცრუეს უწოდებენ.

გიორგი კობერიძე მუშაობს ზუგდიდში.