მთავრობის გაფრთხილებიდან ორ დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საპოლიციო ღონისძიებები მესტიის რეგიონში, ექვს ადგილზე ჩატარდა. ამოღებულია 148 მაინერი, ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. საქმეზე გამოძიება ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. უკანონო კრიპტომაინინგზე და მესტიაში ამ მიზნით ელექტროენერგიის უპრეცედენტოდ მაღალ მოხმარებაზე, სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ორი დღის წინ ისაუბრა. ქვეყნის ენერგოსისტემის და კერძო სექტორის დაცვის მიზნით, მამუკა მდინარაძემ კონკრეტული ზომებიც დააანონსა. რეგიონი, რომელსაც დენი უფასოდ მიეწოდება, წლების განმავლობაში უკანონო ბიზნესსაქმიანობის ცენტრად იყო ქცეული. ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარების და მილიონობით ლარის ფინანსური ზარალის საპრევენციოდ, გეგმაშია მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებაც, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივთა ნაწილი უკმაყოფილოა.