საპილოტე პროექტი „სამხედრო საქმე“
თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი, „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება. მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას, თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან. „სამხედრო საქმე“ მოსწავლეებს კომპლექსურ ცოდნას აძლევს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლების და სამხედრო სამსახურის, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან მოპყრობის წესების შესახებ. პროგრამა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და საგანგებო სიტუაციების დროს, მოქმედების უნარ-ჩვევების შესწავლასაც ითვალისწინებს. თეორიული პროგრამის გავლის შემდეგ, მოსწავლეები „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში სამხედრო ბაზებს სტუმრობენ და ადგილზე ეცნობიან სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს. ასევე, მოსწავლეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ საგანი „სამხედრო საქმე,“ უპირატესობა ენიჭებათ საზაფხულო „ჯარის ბანაკში“ მოსახვედრად.