საპატრიარქოს განცხადება

დედაქალაქის ქუჩებს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება. ქაშვეთის ტაძარი ამჟამად, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს. „სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ამჯერად გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ უზიარებს საზოგადოებას. მათი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ქვეყნისთვის ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქაშვეთის ტაძარი, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს“. – ნათქვამია განცხადებაში.