საპატრიარქოს განცხადება

სამონაზვნო პირის მიერ მეორე სამონაზვნო პირზე ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, საპატრიარქო წერილობითი განცხადებით ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საპატრიარქომ ფაქტის შესწავლა დაიწყო და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არ არის და ისინი მორჩილები არიან. ამასთან, საპატრიარქოსთვის ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია, რაც საპატრიარქოს შეფასებით, არაქრისტიანულია და ეკლესიის სახელს ბღალავს. დეტალების დაზუსტების მიზნით, საპატრიარქო აქტიურ კომუნიკაციაშია შესაბამის ეპარქიასთან და საკითხის მოკვლევის შემდეგ, საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

საპატრიარქოს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მორჩილის მიერ მეორე მორჩილზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთი მორჩილის მიერ ანაფორის ხელახლა ჩაცმა გახდა.

საქართველოს პირველი არხი ძალადობის ამსახველ მძიმე კადრებს შეგნებულად არ ასაჯაროვებს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საკითხის შესწავლა ამ დრომდე არც სახალხო დამცველს დაუწყია.