საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება. საპატრიარქოს განცხადებით, პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე, მათთვის არავის მიუმართავს და ეს მასმედიის საშუალებით გახდა მათთვის ცნობილი, რის გამოც, პროცესში მოგვიანებით ჩაერთნენ. განცხადებაში ასევე წერია, რომ ამჟამად ვითარება შეცვლილია. პანსიონში სოციალური მუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებით ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც თვლიან, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი ბავშვების საუკეთესო ინტერესს არ შეესაბამება.

მოამბე