საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო სახელმწიფოსგან სამართლიან ნაბიჯებს ელოდება, რომ დავით გარეჯში საზღვარი სწორად გაივლოს და ჩიჩხიტურის და უდაბნოს კომპლექსი საქართველოს ფარგლებში მოექცეს. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. მანამდე კი საპატრიარქომ საკუთარი პოზიცია გამოხატა კარტოგრაფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე. საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ ივერი მელაშვილის სიტყვები, რომ „ვიღაც ბერი… კელიებთან პოზირებას დაიწყებს“, შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა.

როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს… და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე? სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში, საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.