საპარლამენტთაშორისო კონფერენცია

საქართველო მხარს უჭერს ევროპაში უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპებს და არის პარტნიორების გვერდით საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში, – განცხადება ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთზე უნდა განხორციელდეს მუდმივი და მზარდი წნეხი იმისთვის, რომ მან შეუფერხებლად დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ რეგიონებში და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, – აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2012 წლიდან ტარდება, სადაც მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების შესაბამისი წევრები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს მიერ პირველად მიიწვიეს.