საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა რუანდაში

მიხეილ პოდოლიაკის განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უკრაინის რადას ვიცე-სპიკერთანაც დაგმეს.

ქართული დელეგაციის წევრები ოლექსანდრ კორნიენკოს რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ და საკმაოდ მწვავე პოზიციაც დააფიქსირეს. მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის საფრთხესთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან გადაამოწმონ. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რასაც ქართული დელეგაცია რუანდაში განიხილავს, დეოკუპაციას და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას ეხება. იმ ქვეყნების ლიდერებს, სადაც საქართველოს საელჩოები არ აქვს, ქართველი დეპუტატები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მძიმე სიტუაციას და ოკუპაციის შედეგებს პირადად აცნობენ.