საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადება

12:03, 04.09.2026

პარტია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია განცხადებას ავრცელებს და აფხაზეთთან დაკავშირებით, ყოფილი ხელისუფლების წევრების, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებს ეხმიანება. „უსამშობლო ნაცაგენტურასა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“ – ამას ამბობს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უცხო ქვეყანაში თანამდებობის დაკავების გამო საქართველოს მოქალაქეობა დათმო და რომელიც დღემდე არ ამბობს უარს იმ პოლიტიკურ რიტორიკაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ მოუტანა დაპირისპირება, შუღლი და უმძიმესი შედეგები. ეს ერთი ფრაზა არ არის. ეს არის პოლიტიკური აზროვნება, რომლის მიხედვითაც, ქართველებსა და აფხაზებს შორის გაუცხოება თითქოს საბოლოო მოცემულობაა. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, ომისა და ხელოვნურად გაღრმავებული გაუცხოების მიუხედავად, შერიგება შესაძლებელია. მეტიც – საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების სხვა გზა არც არსებობს. როგორც კი საუბარი იწყება მშვიდობაზე, ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და ერთიან სახელმწიფოში საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება ის ე.წ. პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული აგენტურული ქსელი, რომლისთვისაც მუდმივი დაპირისპირება არსებობის ერთადერთი ფორმაა. სწორედ ასეთ საკითხებზე ხდება ყველაზე კარგად აგენტურის პოლიტიკური ლუსტრაცია, როდესაც ერთ მხარეს დგას სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მომავალს მშვიდობაზე, ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს, ხოლო მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ქართველებისა და აფხაზების შერიგება შეუძლებელია და ერთმანეთის სიძულვილი სამუდამო განაჩენია. ჩვენ ამ განაჩენს არ მივიღებთ,“ – წერს უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში

მსგავსი