საპარლამენტო უმრავლესობა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. საქმე ეხება ფრაქციის დადგენილების პროექტს „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე”, რომელიც დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

გია ვოლსკის განცხადებით, ინიციატივა მავნეა და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს. მისი თქმით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი სამ ძირითად პუნქტს მოიცავს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დატოვე კომენტარი