საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო სექტორს შეხვდა

როგორია ოპოზიციის ნაწილის ხედვა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე – ამ თემაზე ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრა იმ პოლიტიკურ პარტიებთან შედგა, რომლებიც „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებს არ შეუერთდნენ და ამ საკითხზე პარალელური სამუშაო ფორმატი შექმნეს. აღნიშნულ პარტიებში აცხადებენ, რომ მათ უკვე მზად აქვთ საკუთარი მოსაზრებები და კანონპროექტები, თუმცა დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რაზეც დამატებითი კონსულტაციების გამართვას გეგმავენ, მათ შორის არის „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“. რეკომენდაციების შესრულების ხედვის წარდგენას ოპოზიცია საშემოდგომო სესიისთვის გეგმავს. პარალელურად, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა თითქმის დასრულებული აქვს მმართველ გუნდს. „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილის პარალელური ფორმატები წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის პირველ რეკომენდაციასთან, რაც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს.