საპარლამენტო კომისიამ მედიკამენტების ბაზრის შესწავლა დაიწყო
ხმაურიანი აღმოჩნდა დეპუტატების შეხვედრა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებთან.
სურსათის შემდეგ დროებითი საპარლამენტო კომისია წამლებზე ფასების ფორმირების შესწავლას და კომპანიების საოპერაციო ხარჯების მოკვლევას იწყებს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში მედიკამენტების ადგილობრივი მწარმოებლები და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მივიდნენ. იყო საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები და პრეტენზიები ორი კომპანიის, „ავერსი-რაციონალის“ და „ჯიემ ფარმას“ მიმართ, რომლებსაც წამლების ნაწილზე რეფერენტული ტარიფების დაწესებამდე არსებული საკმაოდ მაღალი ფასები შეახსენეს და გარკვეულ მანიპულაციებსა და გარიგებებზე მიუთითეს. გარიგებების კონტექსტში აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია კლინიკებს, აფთიაქებსა და სადაზღვევო ფირმებსაც ფლობს. ახლა დროებითი კომისია იკვლევს, არსებობს თუ არა რესურსი, რომ რეფერენტული ფასების პროგრამა გაფართოვდეს. ხელისუფლება არასწორ საფასო პოლიტიკაზე მიუთითებს და ფიქრობს, რომ 2023 წლიდან დაწესებული ფასის მაქსიმალური ზღვარი სხვა წამლებზეც უნდა გავრცელდეს.