საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან შეხვედრები გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა შეხვედრისას აზრები გაცვალეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებთან დაკავშირებით. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ცენტრების ექსპერტებისგან სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში მათი ხედვა მოისმინეს. აშშ-ში დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია, თბილისში კი პოზიტიურ შედეგებზე საუბრობს მმართველი გუნდი.