საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სამხრეთ კორეაში

მომავალ წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვა.

სეულში მყოფმა შალვა პაპუაშვილმა კორეელი კოლეგა პირადად მოიწვია. ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დეოკუპაციის მიმართულებით კორეის მხარდაჭერის გაზრდაა. იგულისხმება გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დევნილებზე მომზადებული რეზოლუციები, რომლებსაც კორეიდან მხარს უჭერენ და საწინააღმდეგო პოზიციას არ გამოხატავენ, თუმცა კენჭისყრის დროს ხშირად ხმის მიცემისგან თავს იკავებენ. ეროვნული ასამბლეის სპიკერთან აუდიენციის დროს მხარეები საპარლამენტო ურთიერთობების გამყარებაზეც შეთანხმდნენ. დღის წესრიგში იყო კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივაც.