საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ფინეთში

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში საპარლამენტო დელეგაცია ამჯერად ფინეთს არწმუნებს.

ნორვეგიის და დანიის შემდეგ შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად ჰელსინკში ჩავიდა. ხელისუფლების პირველ პირებთან და კოლეგებთან შეხვედრებზე მთავარი თემა ის მოლოდინები იყო, რაც ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ეთი კვირით ადრე არსებობს. ქართული დელეგაციის წევრებმა პარტნიორებს პირადად გააცნეს ის არგუმენტები თუ ჩატარებული სამუშაოები, რის გამოც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას იმსახურებს.

ფინეთი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს. ამიტომ ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ მომდევნო კვირას დაგეგმილ სამიტზე ფინეთის პრემიერი საკუთარ ხმას საქართველოს სასარგებლოდ დააფიქსირებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ უკრაინის ომის და გაუარესებული უსაფრთხოების გამო ფინეთმა შვედეთთან ერთად ცოტა ხნის წინ ნატოს წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.