საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში – შეფასება
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენა – ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ყველა შეხვედრაზე აყენებს. ქართული დელეგაცია ბოლოს, ჯამში ხუთ კონგრესმენს შეხვდა. სადაც მხარეებმა ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღების პარალელურად, უსაფრთხოების კუთხით ირანში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. განხილული საკითხების ფართო სპექტრს შორის საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს და ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის როლსაც შეეხო.
დღეს ქართულ დელეგაციას შეხვედრები აქვს დაგეგმილი როგორც კონგრესში, ასევე სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გუშინ კი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში, რომელიც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გახსნა. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც აცხადებს, რომ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, სატრანზიტო როლზე, მიმდინარე მოვლენებსა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. სამიტის დასრულების შემდეგ, ვიზიტი ქართული დელეგაციის წევრებმა შეაფასეს.