საპარლამენტო არჩევნები ალბანეთში

ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავარი მეტოქეები არიან ალბანეთის სოციალისტები, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ედი რამა მეთაურობს და კონსერვატორების ალიანსი, რომელსაც ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი, სალი ბერიშა ხელმძღვანელობს. ბერიშას კორუფციაში და მექრთამეობაში ადანაშაულებენ და შტატებს მის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული. წინასაარჩევნოდ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ლიდერი სოციალისტური პარტიაა, რომელსაც მხარს ამომრჩეველთა 49%-ი უჭერს, კონსერვატორებს კი ელექტორატის 35%-ი ემხრობა. ალბანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი ედი რამა ქვეყანას 2013 წლიდან მართავს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს ძალისხმევას, რათა 2030 წელს ალბანეთი ევროკავშირის წევრი გახდეს. მისი მეტოქე სალი ბერიშა კი ალბანეთის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის თანამდებობას წარსულში იკავებდა. კონსერვატორი პოლიტიკოსი ახლა ოპოზიციის ალიანსს მეთაურობს. ალბანეთის პარლამენტში 140 დეპუტატია, რომელთაც პროპორციული სისტემით ირჩევენ.