საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ რთულია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ უდიდესი გვირაბი იპოვეს, რომელიც ოთხ კილომეტრს მოიცავს. მათივე ინფორმაციით, გვირაბი საკმარისად ფართოა დიდი სატრანსპორტო საშუალების გასატარებლად, ასევე, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციისა და საკომუნიკაციო სისტემებით. მათივე განმარტებით, გვირაბი „ჰამასის“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია და განადგურდება.

ამასთან, ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ომის დაწყებიდან პირველად კერემ შალომის სასაზღვრო გასასვლელით ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

პარალელურად, დღეს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელს ეწვევა. თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოსტინი შეხვდება ისრაელის სამხედრო ლიდერებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ს ურყევ ერთგულებას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.